რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა – რას ნიშნავს ეს?

რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

"უკრაინის პატივცემულო მოქალაქეებო, დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ინფრასტრუქტურას და მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმის აფეთქების ხმა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას“. – თქვა ზელენსკიმ საგანგებო ვიდეო-მიმართვაში. 

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. 

საომარი მდგომარეობა ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის ან უშუალო საფრთხის არსებობის შემთხვევაში ამოქმედებადი წესების ერთობლიობაა, რომელიც ზღუდავს რიგ უფლებებს და მთავრობას დროებით დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს, რაც შეესაბამება თავდაცვის ინტერესებს და მიზნად ისახავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. 

უკრაინული კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობას უფლება აქვს: 

  • შეზღუდოს მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილების უფლება;
  • გადაასახლოს მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რეგიონებიდან;
  • ქვეყნის მასშტაბით შემოღებულ იქნეს შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • აიკრძალოს მოქალაქეთა თავშეყრა, მიტინგები, აქციები, მსვლელობები და დემონსტრაციები; 
  • დროებით შეიცვალოს ადგილობრივი საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემები;
  • შეიტანოს ცვლილებები საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოების გეგმებსა და დანიშნულებაში; 
  • დაწესდეს სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • შემოღებულ იქნეს კარანტინი, კომენდანტის საათი და სხვა სახის სავალდებულო-შემზღუდავი ღონისძიებები;
  • არ დაუშვან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ პირთა შეიარაღებული ფორმირება და გაერთიანება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები