დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რეჟიმის სატელიტი პარტიის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები გამოიკითხნენ. პროცესის შემდეგ გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რა თქვეს სატელიტებმა ჩვენების მიცემისას.
"რა თქვეს დღეს ე.წ. ნეიტრალური საქართველოს ნეიტრალურებმა:
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც რუსთაველზე ხდებოდა - ეს იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის გავლით დაფინანსებული (!) სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
ჩემი ინტერპრეტაცია არაა, დავაზუსტებინეთ და დააზუსტეს, სიტყვა-სიტყვით.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, შაქარიშვილმა შეადარა ნაცისტურ გერმანიას და თქვა რომ USAID-ის წარწერებს ზუსტად ისე აძრობდნენ შენობების ფასადებიდან როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტურ სვასტიკებს.
ეს ყველაფერი დაასკვნეს მას შემდეგ რაც მოისმინეს როგორ თქვა ილონ მასკმა რომ USAID რევოლუციებს აწყობდა სხვა ქვეყნებშიო და როგორ თქვა რენდ პოლმა რომ USAID რაღაცეებს აკეთებდა საზღვარგარეთო.
ასევე თქვეს, რომ:
ჩვენ ყველა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორი, პროტესტში ჩართული ხალხი - ვართ დიდი აგენტურული ქსელის ნაწილები, რომელსაც აშშ აფინანსებდა.
უკრაინაში მაიდანი მოაწყეს სამანტა პაუელმა და ვიქტორია ნულანდმა
საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები ხორციელდება მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მიხედვით.
სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა დიპსტეიტმა რომ აქ მოეწყო რევოლუცია და როდესაც რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მერე საქართველოს აქედან დაერტყა რუსეთისთვის.
USAID, NED და CIA არიან მტრული ორგანიზაციები.
აშშ-ს ელჩი დეგნანი იყო ამერიკის აგენტი.
რუსეთ-უკრაინის ომში არცერთ მხარეს არ გულშემატკივრობენ
მურუსიძე და მიქაუტაძე არიან ცუდი ხალხი და ვერ "გაკარგდებიან", მაგრამ ის რომ სასამართლო სისტემაში არიან ცუდები, არ ნიშნავს რომ სისტემა ცუდად მუშაობს და არ უნდა ვენდოთ, არ ნიშნავს რომ გავლენის ქვეშაა.
შაქარიშვილმა, უკრაინაში ომის დაწყებამდე პროპაგანდის მსხვერპლი ვიყავი და საქართველოს ევროინტეგრაციას ვუჭერდი მხარსო, მაგრამ მერე ამეხილა თვალიო.
კაკაბაძეს უთქვამს გამსახურდიამ თავის თავს მოუწყო პუტჩიო (ეს მომენტი გავმაზე)
სამწუხაროდ ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის - პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს და ამიტომ დაუძახა ამ ხალხს "სასამართლოზე" თუ უბრალოდ გვართობენ რუსთავში გადასახლების წინ." - წერს ჯაფარიძე.
დღეს, სასამართლო სხდომის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ, მისი განცხადებით, ამ საქმეზე მტრულ ძალად "მიაჩნიათ აშშ", ხოლო პარტიის ლიდერმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ "ამ აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერი და თანამოაზრეები" არიან ურსულა ფონდერლაიენი, კაია კალასი და მარტა კოსი.
ცნობისთვის, 2025 წლის 6 ნოემბერს საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
10 თებერვალს, ადვოკატები აცხადებდნენ, რომ რომ ბრალის დადგენილებაში ნათქვამი არ არის, რომელი მტკიცებულება ვის ეხება.




