უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს, რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
სიიარტო, რომელმაც ამ კვირაში პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია BYD-ის გლობალური საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელად გადავიდა, ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც წლის დასაწყისში გაჟონა აუდიოჩანაწერებმა. ჩანაწერებში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას აწვდის და სთავაზობს დახმარებას მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესუსტებაში.
ხუთშაბათს გამართულ მთავრობის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მადიარს ჰკითხეს, დაიწყო თუ არა სიიარტოს რუსეთისთან სავარაუდო კავშირების შესახებ ადრე დაპირებული გამოძიება.
"როგორც მე ვიცი, დიახ" - უპასუხა პრემიერმა, თუმცა დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
გაჟონილ ჩანაწერში სიიარტო ლავროვს სთხოვს, მიაწოდოს არგუმენტები, რომლებიც მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე გამოადგება.
მადიარმა მაშინ განაცხადა, რომ ჩანაწერები, სავარაუდოდ, სახელმწიფო ღალატზე მიუთითებდა და საქმის საფუძვლიანი გამოძიება იყო საჭირო.
თავად სიიარტომ კი აღნიშნა, რომ აღნიშნული საუბარი ჩვეულებრივი დიპლომატიური კომუნიკაცია იყო.




