აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, აშშ-მ ირანის წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები მიიტანა.
როგორც CENTCOM-ის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი იერიშები მიზნად ისახავს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდებზე თავდასხმისთვის იყენებს.
ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ იერიშების ფონზე ამერიკული შეიარაღებული ძალები ირანის პორტებისა და სანაპირო ტერიტორიების წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის განახლებას აპირებს.
CENTCOM-ის მიხედვით, ბლოკადა აღმოსავლეთის დროით (ET) 4 საათზე, ანუ თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, თუმცა ირანული პორტებიდან გამომავალი ან მათში შემავალი გემებისთვის ან ირანთან დაკავშირებული ტვირთის გადამზიდი ხომალდებისთვის სრულ ბლოკადას აცხადებს.
პარალელურად, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაზე ტვირთის 20%-იან გადასახადს არ დააწესებს, არამედ, ამის ნაცვლად, სრუტის კონტროლის ხარჯებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით აანაზღაურებს.




