რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა იყო მთავარი პუტინის ვიდეომიმართვაში

2022 წლის 15 თებერვალი, ვლადიმირ პუტინი ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
AP News

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა. გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში შეჭრას მან "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა, რომელიც მისივე თქმით, დონბასის სახალხო რესპუბლიკების მიერ დახმარების თხოვნით იყო განპირობებული.

"გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ, აშშ-მა და მათმა მოკავშირეებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს. პუტინის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან ახლოს NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება მისთვის მიუღებელია.

"უბრალოდ დაკვირვება იმაზე, რაც ხდება, მეტი აღარ შეგვიძლია. ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის შემდეგი გაფართოება, უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისების დაწყება, ჩვენთვის მიუღებელია. საქმე, რა თქმა უნდა, თავად NATO-ს ორგანიზაცია არაა, ეს მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნაწილია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზე, აღვნიშნავ, ჩვენსავე ისტორიულ ტერიტორიებზე, იქმნება მტრული ანტირუსეთი, რომელსაც გარე კონტროლის ქვეშ სვამენ, მათ NATO-ს ქვეყნები აძლიერებენ და ასაზრდოებენ, ტენიან ყველაზე თანამედროვე იარაღით. აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ეს ეგრედ წოდებული რუსეთის შეკავების პოლიტიკაა. აშკარა გეოპოლიტიკური დივიდენდები. ჩვენი ქვეყნისთვის კი, ეს საბოლოო ჯამში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავლის საკითხი. და ეს გადაჭარბება არაა. ეს ასეა. ესაა რეალური საფრთხე არა უბრალოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ თავად ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის. ეს არის სწორედ ის წითელი ხაზი, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. ის მათ გადაკვეთეს", - ამბობს პუტინი.

პუტინმა რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოდ შეაფასა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას უახლესი შიარაღება აქვს და მათზე თავდასხმა ნებისმიერ სახელმწიფოს საშინელ შედეგებამდე მიიყვანს.

"რაც შეეხება სამხედრო სფეროს, თანამედროვე რუსეთი, სსრკ-ს დაშლისა და მისი პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილის გაფლანგვის შემდეგაც, გვევლინება როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფო. მეტიც, აქვს უპირატესობები, უახლესი შეიარაღების სახით. ამასთან დაკავშირებით, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს ნგრევასა და საშინელ შედეგებამდე მიიყვანს", - აცხადებს პუტინი.

პუტინმა უკრაინის არმიას დამორჩილებისა და იარაღის დაყრისკენაც მოუწოდა.

"უნდა მივმართო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებსაც. პატივცემულო ამხანაგებო, თქვენი მამები, პაპები და დიდი პაპები ნაცისტებთან ჩვენი საერთო სამშობლოს დასაცავად იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ დღეს უკრაინაში ძალაუფლება ხელში ნეონაცისტებს ჩაეგდოთ. თქვენ ერთგულების ფიცი უკრაინელი ხალხის წინაშე დადეთ და არა ანტიეროვნულ ხუნტასთან, რომელიც ძარცვავს უკრაინას და ამცირებს ამ ერს. არ შეასრულოთ მისი დანაშაულებრივი ბრძანებები. მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დაყაროთ იარაღი და წახვიდეთ სახლში. განვმარტავ. უკრაინის არმიის ყველა სამხედრო მოსამსახურეს, ვინც შეასრულებს ამას, შეეძლებათ წინაღობის გარეშე საბრძოლო ქმედებების ზონის დატოვება და ოჯახთან დაბრუნება", - თქვა პუტინმა და დაამატა, რომ სისიხლისღვრაზე პასუხისმგებლობას უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას აკისრებს". - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მისი თავდასხმის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და "დენაციფიკაცია", აგრეთვე რუსეთის დაცვა გახლავთ.

"მისი (რუსეთის ოპერაციის) მიზანი არის იმ ადამიანთა დაცვა, რომლებიც კიევის რეჟიმის მხრიდან რვა წლის განმავლობაში არიან დამცირების, გენოციდის მსხვერპლები, ამისათვის ჩვენ ვეცდებით მივაღწიოთ უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას, ასევე სამართლისთვის მათ გადაცემას, ვინც ჩაიდინეს მრავალი სისხლისმღვრელი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ. "NATO-ს წამყვანი ქვეყნები, საკუთარი მიზნების მისაღწევად, მხარს უჭერენ რადიკალ ნაციონალისტებსა და ნეონაცისტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ყირიმელებსა და სევასტოპოლელებს არასდროს აპატიებენ რუსეთთან შეერთების თავისუფალ არჩევანს. რა თქმა უნდა, ისინი ყირიმსა და დონბასში შემოძვრებიან თავიანთი მეთოდებით, რათა მოკლან, როგორც ხოცავდნენ დაუცველ ხალხს სისხლისმსმელები უკრაინელი ნაციონალისტების ბანდებიდან - დიდი სამამულო ომის დროს ჰიტლერის თანამზრახველები. "ვიმეორებ, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილს. ისინი დაკავშირებულია თავად რუსეთის დაცვასთან, მათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანეს და ცდილობენ მის გამოყენებას ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ვიმეორებ, ჩვენი ქმედებები არის თავდაცვა წარმოქმნილი საფრთხეებისგან და იმაზე დიდი უბედურებისგან, ვიდრე დღეს ხდება". - თქვა პუტინმა.

პუტინის მიერ ომის გამოცხადების ვიდეო სავარაუდოდ, სამი დღით ადრე, 21 თებერვალს იყო ჩაწერილი. ინფორმაციას ამის შესახებ ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით Новая Газета ავრცელებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. პუტინის ვიდეომიმართვა ქალქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე გავრცელდა.

უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან

კომენტარები