კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება გააკრიტიკა და მას "მცდარი" უწოდა. მისივე თქმით, რუსეთი აზერბაიჯანს საკუთარ პოზიციას "ყველა არხის მეშვეობით თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად" აუხსნის.
პესკოვის თქმით, ალიევის მიერ გამოხატულ პოზიციას "კატეგორიულად არ ეთანხმებიან" და ეს მხარეებს შორის "უთანხმოების საგანს" წარმოადგენს. თუმცა, მანვე დაამატა, რომ ეს უთანხმოება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.
"რაც შეეხება უკრაინის შესახებ თვალსაზრისს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს თვალსაზრისი მცდარია და ვაპირებთ, რომ ყველა არხის მეშვეობით თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად ავხსნათ, თუ რატომ მიგვაჩნია ეს მცდარად". - თქვა პესკოვმა.
კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოზიციას "მთელი რიგი სახელმწიფოები" იზიარებს, რომელთანაც რუსეთს ახლო ურთიერთობები აქვს, თუმცა რუსეთი "პრაგმატულ მიდგომას" მისდევს და უთანხმოების მიუხედავად აზერბაიჯანთან ურთიერთობები ყოველმხრივ განვითარებას აპირებს.
"არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებთანაც ჩვენ ახლო ურთიერთობები გვაკავშირებს, რომლებიც ასეთ პოზიციას იზიარებენ. ამ პოზიციას ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით და დიახ, ეს ჩვენი უთანხმოების საგანს წარმოადგენს. ამავდროულად, ეს არ არის საფუძველი იმისთვის, რომ ეს საკითხი რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებზე რაიმენაირად უარყოფითად აისახოს. აქ ჩვენ პრაგმატულ მიდგომას მივდევთ და ვფიქრობთ, რომ ყოველმხრივ უნდა ვავითარებდეთ ჩვენს ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია". - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ, 13 ივლისს თქვა, რომ აზერბაიჯანი უკრაინას "არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად ეხმარება" და მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საზღვრების ხელშეუხებლობას "მუდამ მხარს უჭერდა, უჭერს და დაუჭერს".
"ვიმეორებ რჩევას, რომელიც უკრაინას გასულ წელს მივეცი: არ შეეგუოთ კონფლიქტს. სწორედ ასე იქცევიან ისინი". - თქვა ალიევმა.




