პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა „ცრუ დროშის“ ოპერაციას, რომელშიც უკრაინულ დრონებს გამოიყენებს ამზადებდეს.
აშშ-ში ვიზიტისას სიკორსკიმ თქვა, რომ პოლონეთი მსგავს რუსულ პროვოკაციას ელის და მიაჩნია, რომ მასში მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა უკრაინულმა დრონებმა შეასრულონ.
"პუტინმა მსგავსი რამ დაახლოებით ერთი თვის წინაც თქვა. მან განაცხადა, რომ თუ NATO-ს წევრი ქვეყანა თავს დაესხმება რუსეთს, ისინი უპასუხებენ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ის შესაძლოა ამზადებდეს უკრაინულ დრონებს, რათა მათი გამოყენებით NATO-ს წევრ ქვეყანაზე ან თავად რუსეთზე თავდასხმა მოაწყოს და შემდეგ ამ თავდასხმას საპასუხო ქმედებით უპასუხოს" - განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ასეთ ნაბიჯზე წავიდეს, "მით უმეტეს, რომ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და ომს აგებს".
სიკორსკიმ ასევე გაიხსენა 1939 წლის გლაივიცის პროვოკაცია, როდესაც SS-ის აგენტებმა პოლონელი სამხედროების ფორმა ჩაიცვეს და მაშინდელი გერმანიის ტერიტორიაზე რადიოსადგურზე თავდასხმა მოაწყვეს, რაც ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთში შეჭრის ერთ-ერთ საბაბად გამოიყენა.
"ჩვენი გზავნილი ვლადიმირ პუტინისადმი ასეთია: ჩვენ ვიცით, რას გეგმავ. ნუ გააკეთებ ამას" - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.




