რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მტერი ყველგან იღებს ღირსეულ პასუხს, განიცდის დანაკარგებს" – უკრაინის გაერთიანებული შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის სამხედრო ძალების 2 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, 1 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდო.

ვერტმფრენი და ერთი სუ-25 უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა გაანადგურეს. ასევე უკრაინულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა წარმატებით ჩამოაგდო Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. კიდევ ერთმა უკრაინულმა გამანადგურებელმა კი  ვინიცის მიმართულებით მფრინავი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდო.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა კიევის ოლქის ქალაქ ვასილკოვში, სადაც რუსები საჰაერო დესანტის გადასხმას ცდილობენ. აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კიევის ქუჩებშიც.

"მტერი ყველგან იღებს ღირსეულ პასუხს და განიცდის დანაკარგებს." - წერს უკრაინის გაერთიანებული შტაბი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები