რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო მასალა გაუგზავნა, კოლონა უკრაინაში უკვე ჩავიდა

Mariusz Błaszczak

პოლონეთმა უკრაინას საბრძოლო მასალა გაუგზავნა. დატვირთული კოლონა უკრაინაში უკვე ჩავიდა. ამის შესახებ Twitter-ზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაწერა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას" - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.

გარდა ამისა, პოლონეთი რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს. პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მინისტრთა საბჭოს დაავალა შესაბამისი რეზოლუციის მომზადება, რომელიც შუაღამიდან ამოქმედდება.

პოლონური მედიის ცნობით, ეს რუსული ავიაკომპანიებისთვის ნიშნავს როგორც პოლონეთის აეროპორტებში აფრენა-დაფრენის, ისე პოლონეთის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ფრენის აკრძალვას. 

რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტს ქვეყანაში დაჯდომა დიდმა ბრიტანეთმაც აუკრძალა. სანქციის გამო, რუსეთი ბრიტანეთს საპასუხო ზომებით ემუქრება. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ბრიტანულ მხარეს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. წერილში რუსული მხარე ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვს "სარკისებრი ზომების" მიღება შეუძლია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

კომენტარები