რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

პოლონეთის დროშა
World Atlas

პოლონეთი რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დახურავს. პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკის თქმით, მან მინისტრთა საბჭოს დაავალა შესაბამისი რეზოლუციის მომზადება.

პოლონური მედიის ცნობით, ეს რუსული ავიახაზებისთვის ნიშნავს როგორც პოლონეთის აეროპორტებში აფრენა-დაფრენის, ისე პოლონეთის ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში ფრენის აკრძალვას. 

პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა დაადასტურა, რომ რუსული ავიახაზებისთვის პოლონეთის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ რეგულაციები "დაუყოვნებლივ მუშავდება და აკრძალვა შუაღამიდან იმოქმედებს".

რუსულ ავიაკომპანია აეროფლოტს ქვეყანაში დაჯდომა დიდმა ბრიტანეთმაც აუკრძალა. სანქციის გამო, რუსეთი ბრიტანეთს საპასუხო ზომებით ემუქრება. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ბრიტანულ მხარეს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. წერილში რუსული მხარე ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვს "სარკისებრი ზომების" მიღება შეუძლია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

კომენტარები