თბილისის მერია

ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება – კალაძე მარიჯანზე

ივანიშვილის თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელიც მარიჯანის ქუჩაზე კორპუსს აშენებს, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება, სამშენებლო პროცესი კი შეჩერდება. საუბარია უხვი ნალექის შედეგად ჩამოშლილ ქვაბულის ფერდზე. 

როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამხარაულის ბიუროს დასკვნით მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ. 

"მუნიციპალურმა ინსპექციამ ჩამოსლის ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება. კომპანიას დაევალა გამაგრების სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება, გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ სამშენებლო მოედანზე, როცა დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, სამხარაულის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძე ამბობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე  წარსულში კომპანია ცენტრ პონტი ახორციელებდა მშენებლობას, ქვაბული კი დაუსრულებელი დანგებობის დემონტაჟის დროს გაჩნდა. 

"ეს არის სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი, მარიჯანის ქუჩა ნომერ 4-ში, იქ სადაც ვრცელდებოდა ვიდეოები, როდესაც ქვაბული ჩამოიშალა. [...] ამ კონკრეტულ მისამართზე იყო ეს ავარიული შენობა-ნაგებობა, დაუმთავრებელი და წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა, რომ მიეღო საცხოვრებელი ფართი, ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა სამშენებლო კომპანიამ.

დედაქალაქის მერიას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ეს ნაბიჯი, დავხმარებოდით ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, თუნდაც ამ ცენტრ პოინტის მეპატრონეებს, ყველანაირი ხელი შეგვეწყო ამ ადამიანებისთვის. ჩვენი კეთილი ნება იყო, გადაგვედგა ის ნაბიჯი, რომ ათასობით გაუბედურებულ ოჯახს დავხმარებოდით, ვინც წლების განმავლობაში ელოდებოდა ფართებს. მინდა ასევე გითხრათ, არცერთი სამშენებლო კომპანია, ვინც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს არ მოუყვანია. ჩვენ დაზარალებულ ოჯახებს მივეცით შესაძლებლობა, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ.

ამ შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული, რომელიც წარმოქნილია, არის ამ შენობის დემონტაჟის შედეგად, სადაც შემდეგ უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები. ეს კომპანია არის ნექსთ დორი. აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ცენტრ პოინტის დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება მოხდეს. ერთია მარიჯანის ქუჩაზე, სადაც 433 ოჯახი უნდა იყოს დაკმაყოფილებული სამშენებლო ფართებით, მეორე – ვაშლიჯვარში. [...]

2024 წელს გაიცა მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან იყო მოთხოვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, ვთხოვეთ, კორექტირება შეეტანათ სამშენებლო ნებართვაში, იმიტომ რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს". - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები