რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ

9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უკრაინისთვის ამერიკული "პატრიოტის" ტიპის რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს აღარ დაურეკა.

"რაც შეეხება 'პატრიოტებს,' დიახ, ეს აშკარა ფაქტია. აშშ განაგრძობს მთელი ძალით უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიის მიწოდებას. ეს სიმართლეა, ჩვენ ეს ვიცით. ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის." – აღნიშნა მან.

ამას გარდა, პესკოვის განმარტებით, ანკარაში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების გამო, აშშ-ს პრეზიდენტი პუტინთან ზარისთვის ძალიან დაკავებული იყო, თუმცა, მანვე დაამატა, რომ პუტინი ყოველთვის მოხარულია ტრამპთან საუბრით.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, ტრამპი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დარეკვას აპირებდა. 

პრესკონფერენციაზე კრემლის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა ტრამპისა და რუბიოს განცხადებებს, რომ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე უკრაინის იერიშები ესკალაციას წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, ომის დასრულებას შეუწყოს ხელი.

პესკოვმა ამ პოზიციას "თეთრი სახლის ადმინისტრაციის მხრიდან დელუზია" უწოდა და განაცხადა, რომ ესკალაცია მშვიდობას ვერ მოიტანს. 

კომენტარები