რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

AEROFLOT-ზე დაწესებული სანქციის გამო რუსეთი ბრიტანეთს "სარკისებრი ზომებით" ემუქრება

rt.com

AEROFLOT-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციის გამო რუსეთი ბრიტანეთს საპასუხო ზომებით ემუქრება. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ბრიტანულ მხარეს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, ხელშეკრულების პუნქტები შეასრულოს. წერილში რუსული მხარე ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვს "სარკისებრი ზომების" მიღება შეუძლია. 

"დიდი ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლებას ვაცნობეთ საჰაერო მომსახურებაზე დადებული შეთანხმების პუნქტების შესრულების აუცილებლობის შესახებ. რუსული მხარე იტოვებს უფლებას, გამოიყენოს სარკისებრი ზომები მთავრობებს შორის დადებული შეთანხმების შესაბამისად, რათა დაიცვას პარიტეტის პრინციპი და უზრუნველყოს თანაბარი უფლებები ავიაკომპანიებისთვის". - წერია განცხადებაში. 

24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები წარადგინა - ერთ-ერთი ქვეყანაში Aeroflot-ის თვითმფრინავებისთვის დაჯდომის აკრძალვაა. იგივე სანქციები ბელარუსზეც გავრცელდება. 

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს: 

  1. ყველა დიდ რუსულ ბანკს გაეყინება აქტივები და იქნება გამორიცხული დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს ასევე მოიცავს VTB ბანკის ანგარიშების სრულად და დაყოვნებლივ გაყინვას;
  2. დიდ რუსულ კომპანიებს შეეზღუდებათ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ფინანსების მოზიდვა, ან თანხის სესხება;
  3. ანგარიშები გაეყინება 100 ახალ ფიზიკურ პირს, ან ორგანიზაციას;
  4. Aeroflot-ს აეკრძალება დიდ ბრიტანეთში დაჯდომა;
  5. შეჩერდება ორმაგი დანიშნულების საექსპერტო ლიცენზიების გამოყენება, რაც შესაძლოა მოხმარებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის;
  6. რუსეთის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე დაუწესდებათ ლიმიტი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები