გავრცელებული ინფორმაციით, 10 ივლისის ღამეს უკრაინის სამხედროებმა რუსეთის სამხრეთში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს ქარხნის ტერიტორიიდან ამომავალი ძლიერი ცეცხლი.
კრასნოდარის მხარეში, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და წელიწადში დაახლოებით 6.6 მილიონ ტონა საწვავს აწარმოებს.
გავრცელებული ცნობებით, ეს სულ მცირე მე-17 შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ამ ობიექტს უტევს. ბოლოს ქარხანაზე დარტყმა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 2 ივნისს განხორციელდა.
ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული თავდასხმისას, თუმცა დარტყმის დროს რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.
მოგვიანებით, დილის საათებში, მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა რუსეთის როსტოვის ოლქის ნავთობინფრასტრუქტურაც.
გავრცელებული ინფორმაციით, აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტაგანროგში, პორტის ნავთობტერმინალზე მიტანილი დარტყმის შემდეგ, ტერმინალის თავზე დიდი რაოდენობით კვამლი დაფიქსირდა.
ასევე გავრცელდა ცნობები, რომ როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში მდებარე ნავთობბაზაზეც ხანძარი გაჩნდა.




