რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ბიბილოვის განცხადება ყველასთვის საგანგაშოა, სამარცხვინო მთავრობა არ რეაგირებს

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, "უზრუნველყონ მზადყოფნა პროვოკაციაზე პასუხის გასაცემად, რომელიც, შეიძლება, საქართველოს მხრიდან იყოს". ბოკერიას შეფასებით, ბიბილოვის განცხადება მობილიზაციაზე ყველასთვის საგანგაშოა, თუმცა ქართულ ოცნებას საკითხზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. 

"ჩვენ არ მოგვისმენია არანაირი რეაგირება საქართველოს ხელისუფლებისგან ამ საკითხზე, იმ სამარცხვინო მთავრობისგან რომელიც ეწევა პროპაგანდას, შიშზე დაყრდნობილს, რომ ჩვენ უნდა ჩავწვეთ, პრაქტიკულად უკრაინას აბრალებს და თითქმის ამართლებს რუსეთის მოქმედებებს, როცა ანაწილებს ბრალს და ატყუებს ჩვენ ხალხს, რომ ჩაწოლით შეიძლება გავძვრეთ და პუტინის აგრესიას საბოლოო ჯამში გადავურჩეთ". - ამბობს ბოკერია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ბიბილოვის განცხადება ნიშანდობლივია - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ამას უახლოეს მომავალში მარიონეტის ხელით ან რუსული ძალების მხრიდან აქტიური მოქმედება არ მოჰყვება, თუმცა, მისივე სიტყვებით, "არაფერი გამორიცხული არაა". 

"ასეთი მთავრობის პირობებში, როცა ამ პროპაგანდას ეწევიან და ამზადებენ შემდგომი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობას, გვაჩვენებს, თუ რა ამოცანები აქვს პუტინს. ყველამ იცის, რომ ბიბილოვი თავისით არ მოქმედებს. რატომ შეიძლება, ქართული ოცნების პირობებშიც კი ამ განცხადებას აკეთებდეს, თუ ასეთი სცენარები და ამის მეშვეობით ჩვენი სახელმწიფოებრიობის დამხობა არ აქვთ გეგმაში იმ მომენტში, როცა ეს მომწიფდება. ამიტომ, მთელი ეს პროპაგანდა, რომ რვა თუ ცხრა წელია ომი არ ყოფილა, არის მავნებლობა, იმიტომ, რომ ცხრა წელი რომ არ ყოფილა, თუ მეათე წელს დაგამხობენ სახელმწიფოს თავზე, სისხლში ჩაახშობენ და შენ არ იქნები მზად, რომ ეს ყველაფერი გამორიცხო, დამნაშავე ხარ". - ამბობს ბოკერია.

ბოკერიას განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია იანუკოვიჩამდეც არ ყოფილა, თუმცა, მან და მისმა წინამორბედმა განაპირობეს ის ფაქტორები, რომლებმაც დღეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება გაუადვილეს. 

"ანუ იანუკოვიჩია კარგი და დღევანდელი უკრაინის მთავრობა ცუდი?! ასე იქცევა ღარიბაშვილი და როცა ასე იქცევა, სწორედ ეს გვასუსტებს". - ამბობს ის.

ბოკერიას შეფასებით, საქართველოს მთავრობის "სამარცვხვინო" პოზიციაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ომი არ სურს, "რუსეთს უნდა დაულაგდეს". მისივე სიტყვებით, ამ პროპაგანდას საზოგადოება და ოპოზიცუირ პარტიები უნდა დაუპირისპირდნენ.

მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებზე პუტინისტური ნარატივი ვრცელდება, რომ "შეგვეშვან საერთოდ, მაგათ გულისთვის ჩვენ არ ვიომებთ, ნახე როგორ არ დაიცვეს უკრაინა, ჩვენი მეშვეობით ებრძვიან რუსეთს" - ბოკერიას შეფასებით, ნარატივი ის "სიცრუე და ბოდვაა" რაც პუტინისტურ პროპაგანდას სჭირდება. 

"ჩვენ ამერიკელებისთვის, ფრანგებისთვის და ინგლისელებისთვის კი არ გვინდა ჩვენი თავისუფლება, ჩვენთვის გვინდა, მათი მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი თავისუფლების დასაცავად და მაშინაც კი, როცა უკმაყოფილოები ვართ ლეგიტიმურადაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ან ნაბიჯების უქონლობით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მტერი არის რუსეთი, ცდილობს რომ ჩვენი მომავალი წაგვართვას და ის კი არ არის, რომ ინგლისელების გამო გვებრძვის ჩვენ. რის გამოც არ უნდა გვებრძოდეს, არ იღებს ჩვენს არსებობას - არ ღიარებს სუვერენიტეტს და თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოსალოდნელი საფრთხეს უფრო ძლიერები შევხვდეთ, რაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ მოხერხდება". - ამბობს ბოკერია. 

Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბა. 

"პრეზიდენტმა პუტინმა ცხადად გაგვაცნო ის პრიორიტეტები, რომელიც რუსეთის ფედერაციას აქვს. მათი მიზანია დაიცვან რუსეთის ფედერაცია, დაიცვან დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების უსაფრთხოება, სპეციალური ოპერაციის ჩატარების გადაწვყვეტილება მათ დასაცავად მიიღეს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ არსებობენ გარეშე ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩართულნი არიან. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოც ასეთი ქვეყნების სიას მიეკუთვნება". - თქვა ბიბილოვმა.

23 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად მას არ აქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს ქვეყანას რაიმე საფრთხე ემუქრება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები