აშშ-ირანის ომი

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

დონალდ ტრამპი, 2025 წლის 14 აგვისტო.
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთაზე ტვირთის 20%-იან გადასახადს არ დააწესებს, არამედ, ამის ნაცვლად, სრუტის კონტროლის ხარჯებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით აანაზღაურებს.

ტრამპმა დაამატა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას უზრუნველყოფს, თუმცა ირანული პორტებიდან გამომავალი ან მათში შემავალი გემებისთვის ან ირანთან დაკავშირებული ტვირთის გადამზიდი ხომალდებისთვის სრულ ბლოკადას აცხადებს. 

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა ხომალდის გადაადგილებისთვის, ირანის გარდა და ეს მათი მატყუარა, ძალადობრივი, მავნებელი ლიდერების ბრალია, რომლებსაც ისინი სრული განადგურებისკენ მიჰყავთ. შესაბამისად, ჩვენ სრული ბლოკადა გვექნება, მაგრამ მხოლოდ იმ გემებისთვის, რომლებიც ირანული პორტებიდან გამოდიან ან ირანულ პორტებში შედიან ან ირანულ ტვირთთან რაიმენაირად დაკავშირებული რამ გადააქვთ. ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან საკმაოდ პროდუქტიული საუბრების საფუძველზე გადავწყვიტე, რომ აშშ-ს 20%-იანი ანაზღაურების გადასახადი ვაჭრობისა და ინვესტიციის შეთანხმებებით ჩავანაცვლო, რომლებსაც სპარსეთის ყურის რიგი სახელმწიფოები აშშ-ში ჩადებენ". - წერს ტრამპი.

ტრამპის თქმით, "სპარსეთის ყურის რიგი სახელმწიფოები" აშშ-ში მსხვილ ინვესტიციას ჩადებენ, რომელიც მათთვისაც ხელსაყრელი იქნება. 

"ეს ინვესტიციები მსხვილი, თუმცა ამავდროულად, მათთვის და მათი მომავლისთვის არაჩვეულებრივად კარგი იქნება. როგორც ყველამ იცის, აშშ-ში ყველაზე მეტი დოლარის ინვესტიცია გვაქვს, ისტორიაში ყველა ქვეყანაზე მეტი, მაგრამ ეს ახალი ინვესტიციები ამ რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის. ვიხილავთ აშშ-ში ქარხნების, ობიექტების, აღჭურვილობის ისტორიული მასშტაბით შემოდინებას, რაც დამატებით მილიონობით მაღალანაზღაურებად ამერიკულ სამსახურს შექმნის. ამერიკა კვლავ იმარჯვებს, იმარჯვებს, როგორც არასდროს. დღეები, როდესაც ირანი ასი ათასობით ადამიანს, მათ შორის 52 000 დემონსტრანტს, ხოცავდა, დასრულებულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება!" - წერს ტრამპი. 

მანამდე, ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ "ჰორმუზის სრუტის მცველი" იქნებოდა და სრუტეში ხომალდების თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფდა, თუმცა "სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე" სრუტით გადაზიდულ ყველა ტვირთზე 20%-იან გადასახადს დააწესებდა.

კომენტარები