ევროკავშირის გაფართოება

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

დღეს, 14 ივლისს, ევროკავშირმა მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერი ფორმალურად გახსნა. პარალელურად, EU-მ იგივე ნაბიჯი ცოტა ხნით ადრე უკრაინასთანაც გადადგა.

მე-6 კლასტერი, რომელიც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება, მოიცავს პარამეტრებს კანდიდატი ქვეყნებისთვის, რათა მათ საკუთარი საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირთან თანხვედრაში მოიყვანონ.

ევროპის საკითხებში ირლანდიის მინისტრმა, თომას ბირნემ აღნიშნა, რომ რიგით მეორე კლასტერის დაწყება პირველი კლასტერის გახსნიდან "სულ რაღაც ერთ თვეში" აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის გაფართოების დღის წესრიგი. მისივე თქმით, ევროკავშირისთვის "მოლდოვა სანდო პარტნიორია, რასაც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენებს". 

ცნობისთვის, EU-სა და მოლდოვას შორის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში კიდევ 4 კლასტერი უნდა გაიხსნას. 

მეექვსე კლასტერი ორ თავს ეხება. 30-ე თავი მოიცავს ევროკავშირის საერთო კომერციულ პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და თანამშრომლობას განვითარების კუთხით და ის კანდიდატი სახელმწიფოსგან მოითხოვს თანხვედრას ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებებისა და საგარეო პოლიტიკის შესაბამისი პოლიტიკის მხრივ.

ხოლო 31-ე თავი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას მოიცავს. ის მოითხოვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციებთან, პოლიტიკურ დეკლარაციებთან და სანქციების რეჟიმებთან ქვეყნის თანხვედრაში მოყვანას.

გასულ კვირას EU-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის მოლპარაკებების მე-6 კლასტერს გახსნიდნენ. ამას გარდა, შეთანხმების მიღწევა მოხდა მონტენეგროსთვის მე-8 და 29-ე თავების, ხოლო ალბანეთისთვის 25-ე, 26-ე და 30-ე თავების დახურვაზეც.

10 ივლისს ბირნემ X-ზე დღევანდელ დღეს ევროკავშირის გაფართოების "სუპერ სამშაბათი" უწოდა.

EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი ივნისის დასაწყისში აუნთო, მას შემდეგ, რაც კიევმა ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ ბუდაპეშტთან შეთანხმებას მიაღწია.

ევროკომისიამ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია 2024 წლის 7 ივნისს გასცა. თუმცა, უნგრეთის პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინისგან მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა.

კომენტარები