რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა, ის მსოფლიოს ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრამ და უკრაინასთან ომის დაწყებამ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურება გამოიწვია. 

24 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 90 რუბლს მიაღწია, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების უმაღლესი მაჩვენებელია.
 
Forbes-ის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა და მოკლე დროში მერყეობის მაჩვენებლით მან თურქულ ლირასაც კი გადაუსწრო. 

ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი რუსულ რუბლთან მიმართებით

რუბლის მკვეთრად გაუფასურების მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარების კრიტიკულად დონემდე დაძაბვა და უკრაინასთან ომის წამოწყებაა. აგრესიის საპასუხოდ, დასავლური სახელმწიფოები რუსეთზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავენ, განიხილება საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის შესაძლებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუარესებს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

 

კომენტარები