შსს

"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა დაინიშნა. შსს-სთან დაკავშირებული გვერდი - "ყველაფერი პოლიციის შესახებ" წერდა, რომ "იოსებ სიგუას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს". იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.

ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.

"ყოველთვის მემუქრებოდა - "იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო", მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - "წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ" - ამბობს ქალი.

სოფიო შატბერავა-სიგუას და სოფიო სიგუას სამი შვილი ჰყავთ. დაზარალებულის თქმით, "ბავშვები ტირიან - "დედა, მოგკლავს?". ეს ყველაფერი მათაც იციან და ეშინიათ, დედა არ მოკლას მამამ. მამამ, რომელიოც პოლიციელია".

"ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი მუდამ და ვიყავი ჩუმად. ადამიანი რომ ცოლს ასეთი სისასტიკით ექცევა, ის გარეთ რას იზამს... როგორც დაკავებულს, [ისე მექცეოდა], სახეზე არასდროს დაზიანება არ მქონია, თავში მუშტით მაგდებდა ძირს, იციან კარგად, როგორ არ უნდა დაგეტყოს [ძალადობის კვალი]" - ამბობს სოფიო შატბერავა-სიგუა.

TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი "არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მოეკიდა.  

თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს".

იოსებ სიგუას მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გუშინ საღამოს წერდა. მისი თქმით, სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს. თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია "ვერ პოულობდა". 

"ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ამხელა თანამდებობაზე ნიშნავენ ტიპს, ვიზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ანუ ცოლის მუდმივი ცემა არაა საკმარისი დანაშაული? მაგრამ დაწინაურება იქით იყოს, ქალმა გუშინ რომ 112 გამოიძახა ოთხჯერ, მხოლოდ დღეს დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად. ანუ 112 თავისით არ მიდიოდა.

დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს…

მე მაინტერესებს, ამ ქალს ვინ დაიცავს. სიგუა დაკეტილ სახლში ადრეც დახვედრია ცოლს საცემრად. პოლიცია აქამდეც გამოუძახებია ამ ქალს ორჯერ და არანაირი არაფერი…

ირაკლი კობახიძე, ახლა რომ დაყადაღებული საფარის იურისტთან ერთად ზის ეს ქალი საკუთარ სახლში და ვერ გაუგია რა ქნას, შენ იღებ მის უსაფრთხოებაზე პასუხუსმგებლობას?

განახლება: ღამის 01:20 წუთზე ელ. სამაჯური შეაბეს სიგუას. მობლენების განვითარების შესახებ, შეგატყობინებთ" - წერდა ბაია პატარაია გუშინ საღამოს.

იოსებ სიგუას საზოგადოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდანაც იცნობს - თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე რამდენჯერმე თქვა უარი.

კომენტარები