დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჩიჟოვი: თუ უკრაინელები რუსეთის მოქალაქეებს დახოცავენ, არ გაგიკვირდეთ კონტრშეტევის

ვლადიმირ ჩიჟოვი

ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმირ ჩიჟოვის თქმით, რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს საკუთარი მოაქალაქეების ხოცვას ნებისმიერ ადგილზე. ამის შესახებ მან the Guardian-თან ისაუბრა.

"თუ უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ შეტევას დაიწყებენ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კონტრშეტევით ვუპასუხებთ. ან, მათ (უკრაინელებმა) რუსეთის მოქალაქეების ურცხვად ხოცვა რომ დაიწყონ ნებისმიერ ადგილზე, დონბასში ან სხვაგან", – თქვა ჩიჟოვმა. 

ჩუჟოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას, თუ "პროვოკაცია" არ იქნება. 

"ჩვენ არ შევიჭრებით უკრაინაში, თუ ამის პროვოცირებას არ მოგვიწყობენ", – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში.

აშშ-ს გაფრთხილებებით, რუსეთს, შესაძლოა, ფაქტების ფაბრიკაციით ომის საბაბის გამონახვა სურდეს. 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც რუსეთის მხრიდან განიხილება, ყალბი თავდასხმის დადგმა და გადაღებაა – აფეთქებები გრაფიკული სურათებით,  ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვან მსხვერპლი, ყალბი უკრაინული სამხედრო აღჭურვილობა და  თურქული დრონები.

აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაგეგმილი სავარაუდო ოპერაცია  აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში იქნება. ვიზუალური მასალა აჩვენებს გარდაცვლილ მშვიდობიანი მოსახლეობის  კადრებს, რათა გამოიწვიოს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ აღშფოთება.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით თებერვლის დასაწყისში კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის პრესსპიკერმაც, ჯენ ფსაკიმ.

"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში", – ამბობდა ფსაკი.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, აქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა იქ სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

ზოგიერთ მედიაში ანონიმური წყაროები საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, კონკრეტულად 16 თებერვალს შეიჭრას.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლურ მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-იც მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები