მიხეილ სააკაშვილის დაკავება

EPP: სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას

ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (EPP) შეშფოთებულია საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით, რომელიც გამოირჩეოდა დაბალი დემოკრატიული სტანდარტებით, დარღვევებით და სიძულვილის ენით. გარდა ამისა, EPP წერს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკური დაპირისპირება და პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

"საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულმა არჩევნებმა ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ქვეყანაში არსებულ დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობაზე.

საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებმა ცხადყო შემცირებული დემოკრატიული სტანდარტები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების არარსებობა, უთანასწორო გარემო, ადმინისტრაციული რესურსების ფლანგვა, სიძულვილის ენა და დარღვევები.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაპირისპირებას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყნის შიგნით.

გასული დღეების განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანი ფიგურები პროვოკაციულ და არატოლერანტულ განცხადებებს ავრცელებენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საქართველოში, რაც ჩვენი ღრმა შეშფოთების საგანია.

EPP საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების, მეორე ტურისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარანტიის და პოლიტიკური ოპონენტების დევნისგან თავის შეკავებისკენ. ჩვენ ახლოდან დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება.

ქართველები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, პოლიტიკური დაპირისპირებების დასრულებას  და კონსტრუქციული დღის წესრიგს, რაც დააჩქარებს ქვეყანაში რეფორმების პროცესს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ეროვნული პროპორციული შედეგების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმების 46.74% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 30.68%, პარტიას საქართველოსთვის – 7.79%.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5-ვე თვითმმართველ ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში და ფოთში გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები