მიხეილ სააკაშვილის დაკავება

თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს

კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა მოინახულეს. მისი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია და შესაბამისი მკურნალობის გარეშე შეუძლებელი გახდება მისი სრული რეაბილიტაცია. 

"სააკაშვილის მკურნალობის საქმეში ექსპერტების დაუყოვნებლივ ჩართვას ვითხოვთ, მის მონახულებას ექიმების მიერ. მათ შორის ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფისთვის მონახულების უფლებას, რომლებსაც სრულიად უკანონოდ არ ეძლევათ სააკაშვილის მონახულების საშუალება. ასევე ვითხოვთ ექიმების დაშვებას შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, რომლებიც მზად არიან, პრეზიდენტს გაუწიონ სამედიცინო დახმარება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა". – თქვა თუთბერიძემ

თუთბერიძის თქმით, მნიშვნელოვნად შეზღუდულია კომუნიკაციის გზები ექსპრეზიდენტსა და მის ადვოკატებს შორის. 

"მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მწვავედ დგას, ისაა, რომ შეხვედრების დროს არ გვაქვს საშუალება, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია გვქონდეს კონფიდენციალურად. ყველანაირი სივრცე მყარი ბარიერითაა ამოქოლილი, რაც ადვოკატისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების ფუნდამენტური დარღვევაა. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წერილობითი კომუნიკაცია გვქონდეს, რაც იყო ერთადერთი საშუალება, ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ არავინ გვისმენდა. ამჟამად, ეს შესაძლებლობა არ არსებობს. მას მხოლოდ იმის საშუალება აქვს, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს. რა თქმა უნდა, ეს ვერ უზრუნველყოფს, გვქონდეს კომუნიკაცია, რათა გავცვალოთ აზრები". – თქვა თუთბერიძემ

ადვოკატმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე პენიტენციური სამსახური უარს არ იტყვის, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

"ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადი გახდება და შესაძლოა, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეორე – ეს პრობლემები 6 იანვრამდე თუ არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვეს უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს". – ამბობს თუთბერიძე

 

29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები