მიხეილ სააკაშვილის დაკავება

რის გამო და რამდენი წლით არის მსჯავრდებული სააკაშვილი? – პროკურატურის განცხადება

გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებები შეახსენა. პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს 6 წელი აქვს მისჯილი. 

"მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია TV იმედის დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების უკანონო დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიდის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში". – თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები