მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მშვენიერაძის თქმით, სააკაშვილს შეზღუდული აქვს სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება და სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძებასთან.

"მიხეილ სააკაშვილს დღემდე შეზღუდული აქვს უფლება მიიღოს სამედიცინო მომსახურება და საკუთარი ექიმების ალტერნატიული აზრი მოისმინოს. სააკაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან, რადგან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მასთან მიმართებაშიც, დეტალურად გამოიკითხა და ფიქრობს, რომ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რათა შეანელოს გამოძიების პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს, მათ შორის დააყენებს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები". – თქვა მშვენიერაძემ

 

29 დეკემბერს, ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანესქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პენიტენციურ სამსახურს კი საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია. უწყების მიერ მანამდე გამოქვეყნებული განცხადებით, ექიმებმა სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გაწერის გადაწყვეტილება ექიმებმა მიიღეს.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სააკაშვილის გადაყვანას 27 დეკემბერსაც ცდილობდნენ -  სააკაშვილმა დაწერა, რომ მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილა, მისი გადაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

28 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სამინისტროს ვალდებულებაა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწერილი პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნოს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ექსპრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა. 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით შეჰყავთ. 20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. იგი მკურნალობას კვლავ გორის ჰოსპიტალში აგრძელებს.

კომენტარები