არჩევნები 2021

შსს: ვესაუბრეთ უკრაინულ მხარეს, სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ცნობით, ქართულ მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინულ მხარესთან და ისინი ადასტურებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია. 

"დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ ასევე გვქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შეგვიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, შესაბამისად, თუ ის გადმოკვეთავს საქართველოს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანეთ პენიტენციურ დაწესებულებაში ". – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები