მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ზელენსკი: როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ.

"​მე როგორც უკრაინის პრეზიდენტი, და თქვენ ეს მშვენივრად იცის, სულ იმას ვაკეთებ, რომ უკრაინის მოქალაქეებს ვაბრუნებ. სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მაქვს, რომლებიც ხელისუფლებამ მომცა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე - ყველანი ვიმუშავებთ ამაზე" - თქვა ზელენსკიმ ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა ზელენსკის პრესმდივნი, სერგეი ნიკიფოროვი.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ახალი ამბით და იმ განცხადებების ტონით, რომელიც საქართველოში სიტუაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით კეთდება.

უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს,  გარკვევით განმარტოს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ამ ნაბიჯის გადადგმისა. უკრაინის საელჩოს საქართველოში ჯერაც არ მიუღია დაპატიმრებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი კონსულები უკვე მუშაობენ, რათა მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინონ" - თქვა სერგეი ნიკიფოროვი

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე ქართული ოცნების წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო იყო ყალბი. გარდა ამისა, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები