მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

"მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო. მე მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული. 

მე მინდა, ასევე ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი, რომ "ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა". – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები