პოლიტიკური კრიზისი

ღარიბაშვილი: მიშელი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ შეთანხმების დღის წესრიგის ერთგული ვრჩებით

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ამტკიცებს, რომ  შარლ მიშელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ 19 აპრილის შეთანხმების დღის წესრიგის ერთგული რჩებიან. 

"ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე მუშაობას მტკიცედ ვაგრძელებთ". – წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელის კიევში გუშინ, 23 აგვისტოს შეხვდა. შარლ მიშელმა დაწერა, რომ დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება, საქართველოს მთავრობამ კი შეთანხმების ერთგულება უნდა აჩვენოს.

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები