შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

პრეზიდენტი პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას ხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 2 აგვისტოს, დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრები 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას შეეხება.

ორბელიანების სასახლეში უკვე იმყოფებოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. ზურაბიშვილი ასევე შეხვდა გირჩის ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს.

"ჩვენ გვქონდა კრიზისი და, ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება იმ პუნქტებით, რომლებიც იქ არის, ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოა. ვინაიდან არ გვქონდა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა შეასრულეს ეს როლი. დღეს, ფაქტობრივად, ქართულმა ოცნებამ უმცირესობა ხომ დაგვაიგნორა, ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მე მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს". – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უარი თქვა, სტრატეგია აღმაშენებელმა. მიზეზად პარტია იმას ასახელებს, რომ დღემდე პრეზიდენტს კრიტიკულად არ შეუფასებია ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება. 

დღის განმავლობაში პრეზიდენტი ასევე ხვდება ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის წევრებს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძეს. ასევე, პარტია მოქალაქეების ლიდერს, ლევან იოსელიანს.

"შარლ მიშელის დოკუმენტიდან ქართული ოცნების გასვლა შევაფასოთ, როგორც ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა, შევაფასოთ, როგორც უპატივცემულობა არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ იმ პარტნიორების, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ჩართული იყვნენ შედგენაში და გაფორმებაში. მე პირადად მაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. მგონია, პოზიცია უნდა იყოს მკაფიო. იმედია, იგი მკაფიოდ დააფიქსირებს თავის პოზიციას ამასთან დაკავშირებით". – თქვა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე.


ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ცნობით, ის საპარლამენტო მანდატს დატოვებს, ვინაიდან სრულად იქნება გადართული თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ის ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატია, თუმცა, მისი "პრინციპული თხოვნით", ენმ-ს წევრები პარლამენტში "ფორმალურად" დარჩებიან. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები