შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ჯაფარიძე: შარლ მიშელის დოკუმენტის სრული შესრულებისთვის პარლამენტში ბრძოლას გავაგრძელებთ

ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია პარლამენტს არ დატოვებს და საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები არ მოხდება და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება. 

მისი თქმით,  ლელოს ამოცანაა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ქართულმა ოცნებამ სრულად შეასრულოს. 

"ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რისაც ეშინია ქართულ ოცნებას. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს და დაამარცხებს ქართულ ოცნებას, რომელსაც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიგვეღწია და ის საკანონმდებლო ცვლილებები განგვეხორციელებინა, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, რათა მიღებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და, რაც მთავარია, არ უნდა შევუწყოთ ხელი ქართულ ოცნებას, რომ ჩვენი ამომრჩეველი უიმედობაში გადაიყვანო".- ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ქართული ოცნების განცხადების შემდეგ, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც FACEBOOK-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებიდან ერთადერთი მიზეზის გამო გავიდა – დაინახა, რომ არჩევნებზე 43%-ის აღების შანსი არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევდათ. 

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები