შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

მელია: მე ვტოვებ მანდატს, ენმ-ს ვთხოვე, დარჩნენ პარლამენტში ტექნიკურად, ფორმალურად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტს არ დატოვებს. თქვა ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ. 

როგორც მელია განმარტავს, ის თავად საპარლამენტო მანდატს დათმობს, რადგან აპირებს, რომ სრულად გადაერთოს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა, მისივე თხოვნით, პარტია პარლამენტში დარჩება "ფორმალურად". როგორც ნიკა მელიამ თქვა, ამის მიზეზი ისაა, რომ პარტიამ მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს. 

"მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე გადავდივარ ელენესთან [ხოშტარია] ერთად, მეგობრებთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად უმნიშვნელოვანეს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებაზე. მაგრამ ამავე დროს ჩემი პრინციპული პოზიციით, მე ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ ქართულ ოცნებას. 

მოკლედ, მე, ნიკა მელია, ვტოვებ პარლამენტს, მაგრამ ჩემი ძალიან პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები რჩებიან პარლამენტში ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო". – თქვა ნიკა მელიამ. 

ენმ-ს მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

რაც შეეხება ლელოს, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია პარლამენტში ყოფნას გააგრძელებს. პარლამენტში დარჩება სტრატეგია აღმაშენებელიც

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა - ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის.  

შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა გუშინ, 28 ივლისს დაწერა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მხარეებთან კონსულტაციას გადის და ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები