რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2022 წლის ბოლომდე გერმანია უარს იტყვის რუსულ ნავთობსა და ქვანახშირზე – ვიცეკანცლერი

Piotr Molecki / East News

გერმანიის ვიცეკანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, 2022 წლის შემოდგომისთვის გერმანიამ სრულად უნდა თქვას უარი რუსული ნახშირის იმპორტზე, ხოლო წლის ბოლომდე თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსული ნავთობისგან. ამის შესახებ ჰაბეკმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჰაბეკის თქმით, რუსულ გაზზე უარის თქმა უფრო რთული იქნება, რადგან გერმანიას არ აქვს თხევადი გაზის იმპორტის სხვა შესაძლებლობები. მისივე თქმით, გერმანია შესაბამისი ტერმინალის აშენებას გეგმავს.

ვიცეკანცლერის თქმით, გერმანიის ხელისუფლების გეგმა რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტის სრულად შეჩერებაა. მან ასევე აღნიშნა, რომ ესმის ყველასი, ვინც გერმანიას "ვლადიმირ პუტინის სასტიკი ომის გამო რუსეთისთვის ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს", თუმცა მთავრობა მთელ ქვეყანაზეა პასუხისმგებელი.

"ეს არა პატარა მცირე პირადი კომფორტის მსხვერპლად შეწირვა, არამედ სერიოზული შემცირებაა ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით. იმპორტის დაუყოვნებლივი აკრძალვის შემთხვევაში ეს გამოიწვევს მომავალი ზამთრის მარაგების შემცირებას, ეკონომიკურ რეცესიას, მაღალ ინფლაციას  და ასობით ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გათბობასთან და ელექტროენერგიასთან ერთად. სანქციები ისეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ გადარჩენა შევძლოთ. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, რათა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, ნახშირსა და გაზზე". – თქვა ჰაბეკმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის ფუნქციონირების გახანგრძლივებას.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.

8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.

დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები