ევროკავშირი

2022-ის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შემცირდეს, 2030-ში შეწყდეს – EU-ს გეგმა

Reuters

ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირის გეგმის თანახმად, ქვეყნები გადაერთვებიან ენერგიის ალტერნატიულ მიწოდებასა და ეკოლოგიურად სუფთა რესურსების გამოყენებაზე. გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მეტწილად ეროვნული მთავრობები იქნებიან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირის 27 ქვეყანაში ენერგეტიკული პრიორიტეტების გადახედვა გამოიწვია. ბრიუსელი ცდილობს ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, რომელიც ევროკავშირს მოხმარებული ბუნებრივი აირის, დაახლოებით, 40%-ს აწვდის. 

ახალი გეგმის თანახმად, რომელიც ევროკავშირის კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ნაწილია, 2030 წლისთვის ბლოკის ქვეყნების მიერ გაზის მოხმარება 30%-ით უნდა შემცირდეს. გეგმის თანახმად:

  • რუსეთიდან იმპორტირებული გაზისა და თხევადი აირის 1/3-ზე მეტის (60 მილიარდი კუბური მეტრი 155-დან) ჩანაცვლება შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და კატარისგან იმპორტით.
  • გეგმა ასევე გულისხმობს 2030 წლისთვის ბიომეთანისა და წყალბადის ენერგიის მოხმარების გაზრდას.
  • აგრეთვე, ქარისა და მზის განახლებულმა ენერგო პროექტებმა, შეიძლება, ჩაანაცვლოს 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ხოლო 2030 წლისთვის მათი სიმძლავრის გასამმაგებით (480გვტ ქარის / 420გვტ მზის), წელიწადში 170 მილიარდი კუბური მეტრის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. 

გეგმა ასევე ითვალისწინებს, რომ ენერგოეფექტურობის გაზრდის გზით ნავთობპროდუქტების გამოყენება უნდა შემცირდეს სახლებში, შენობებში, საწარმოებში. ძველი ტექნიკა უნდა ჩანაცვლდეს და რიგი სისტემების ელექტროფიკაცია უნდა მოხდეს.

ევროკავშირი ასევე წარადგენს კანონს, რომლითაც ბლოკის ქვეყნები ვალდებულები იქნებიან ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე გაზის მარაგი 90%-მდე შეავსონ. ამჟამად ევროკავშირის საცავის 27%-ია სავსე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები