დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს

ბორის ჯონსონი
AP

გაერთიანებული სამეფო გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტი სრულად აიკრძალება. ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას.

"უკრაინაში უკანონო შეჭრის შემდეგ პუტინის რეჟიმისთვის მორიგი ეკონომიკური დარტყმის მისაყენებლად გაერთიანებული სამეფო მიმდინარე წლის გაუვალობაში სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას. ეს ჩვენი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მკაცრი პაკეტის საფუძველზე მოხდება". – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტს აშშ-ც კრძალავს. ევროკომისიამ კი წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები