პრაიდის კვირეული

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ყველას აქვს კონსტიტუციით შეკრებისა და აზრის გამოთქმის უფლება

ქართველ მუსლიმთა კავშირი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და კონსტიტუციით მინიჭებული აქვს თავისუფალი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

"საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონისა და სამართლის წინაშე შესაბამისად ყველას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლად შეკრებისა და აზრის გამოთქმის უფლება.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ყოველთვის დგას და იდგება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის მხარდამჭერი მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა რომელიმე კერძო, თუ იურიდიული სუბიექტის მოსაზრებებს.

ხელისუფლება როგორც დემოკრატიული წყობილების მთავარი გარანტორი ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა იმ გამოწვევას და მშვიდობიანად კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ქვეყნაში მცხოვრები მრავალფეროვანი უმცირესობების სიტყვისა და აზრის გამოთქმის უფლება.

ჩვენ მუსლიმებს გვაქვს ჩვენი ისლამური კულტურა ღირებულებები და ფასეულობები ჩვენი მისწრაფებები. მიუხედავად განსხვავებულობისა ჩვენ არ ვერევით სხვათა ცხოვრებაში ჩვენ არ განვიკითხავთ სხვათა ცხოვრების წესსა და ადათს. ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით როგორც ჩვენს ასევე ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსხვავებული მრწამსისა და შეხედულებების ადამიანთა უფლებებს.

ჩვენ ერთგული ვართ მშვიდობის. ჩვენ მზად ვართ სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი სამშობლო და ვილოცოთ მისი ერთიანობისათვის.

კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის გომომწვევ ყველა მიზეზს." -

ჯამბულ აბულაძე, საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე

გუშინ, 4 ივლისს მუსლიმთა სამმართველომ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფობიურ განცხადებას გაავრცელა. მოგვიანებით, სოლიდარობის თემის მოთხოვნით, მუსლიმთა სამმართველომ განცხადება წაშალა, თუმცა მალევე განცხადება დააბრუნა და წაშლა ხარვეზით ახსნა. სოლიდარობის თემის თქმით, ეს არის მაგალითი, როგორ ზღუდავს ხელისუფლება მუსლიმთა თემის ავტონომიას.

პრაიდის საწინააღმდეგო განცხადებები გაავრცელეს თბილისი დიდმა სინაგოგამ და ეზიდთა საბჭომ. აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს 5 ივლისს, ეზიდთა სასულიერო საბჭომ, რომელმაც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება გამოაქვეყნა, მოგვიანებით დაგმო და შეცდომა უწოდა. 

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია თბილისი პრაიდს მხარდაჭერას უცხადებს და მოუწოდებს  სახელმწიფოს, დაიცვას ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება მანიფესტაციისა და გამოხატვის შესახებ.

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული. დღეს, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს  განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები