პრაიდის კვირეული

მუსლიმთა სამმართველო, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს

მუსლიმთა სამმართველომ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა და Tbilisi Pride-ს გამოეხმაურა. განახლება: სოლიდარობის თემის მოთხოვნით, მუსლიმთა სამმართველომ განცხადება წაშალა. 

ჩვენ საქართველოს მუსლიმები, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელნი და ჩვენი მორწმუნენი საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობთ საქართველოში.

ჩვენ შორის განსხვავების მიუხედავად, ამ ხნის მანძილზე თავისთავად ჩამოგვიყალიბდა მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა, რაშიც თითოეულმა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც მოფრთხილება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა სჭირდება.

თანამედროვე რეალობამ კი ადამიანების სასარგებლოდ დიდ მიღწევებთან ერთად, მოიტანა ისეთი იდეოლოგიაც, რომელიც ხშირად უხეში ფორმით და მიუღებელი პროპაგანდით გვთავაზობს ფასეულობათა შეცვლას, არანორმალურის ნორმად და მისაღებად გამოცხადებას.

სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასაც, მაგრამ, როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის მიერ საკუთარი ინტიმური ცხოვრების საჯარო პროპაგანდასთან და სხვებისთვის ამის თავს მოხვევასთან. ის, რასაც გეგმავენ ე.წ. "პრაიდის" ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენი მორალისათვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან. ჩვენ უზნეობას ზნეობად ვერ შევრაცხავთ და ვერც ამის მცდელობას შევეგუებით.

დავძენთ იმასაც, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი "პრაიდები" კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის შექმნას და საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას, რითაც საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და აპირისპირებენ აღნიშნული ორიენტაციის პირებს და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით.

მსგავსი განცხადება გაავრცელა თბილისის დიდმა სინაგოგამ და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება. თბილისის დიდი სინაგოგა ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს, "ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებს საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული".

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები