პრაიდის კვირეული

ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს

საქართველოს საპატრიარქო

ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს. განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ჩიხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გამოაქვეყნა.

"5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა,ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე.

როგორც ვთქვით, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა.. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ყველა იმ სახელმწიფოს ელჩს, რომლებიც მიერთებულნია ბავშვის უფლებათა კონვენციას, დაიცვათ ბავშვების უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, დაიცვათ ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი და დროულად აღკვეთეთ ჩვენთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ანხორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი.

ბავშვების საუკეთესო ინტერესი არის უპირატესი უფლება ვიდრე ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლება. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ.-ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან".- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქციას გეგმავს, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია.

"ამა წლის 5 ივლისს, 17 საათზე, შევიკრიბოთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს. 

კომენტარები