პრაიდის კვირეული

ეზიდთა საბჭო პრაიდზე თავისივე განცხადებას შეცდომას უწოდებს

ეზიდთა სასულიერო საბჭომ, რომელმაც თბილისი პრაიდთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება გამოაქვეყნა, მოგვიანებით დაგმო და შეცდომა უწოდა

მათი განცხადებით, მიუხედავად მათი განსხვავებული მიდგომისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენ, საქართველოში არსებული ეზიდთა სასულიერო საბჭო, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ 5 მაისს დაგეგმილი ლგბტ პრაიდთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცადება გავაკეთოთ. ჩვენ ვართ მორწმუნე ადამიანების ის თემი, რომელთაც ჩვენი ისტორიის მანძილზე უამრავი დევნა და შევიწროვება განვიცადეთ და სულ რამოდენიმე წლის წინ ერაყში სასტიკი გენოციდისა და დევნის სამიზნეები გავხდით. ვინ ვინ და ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს, როცა იდევნები არა იმისათვის, რომ რამე გააკეთე, არამედ იმისათვის ვინცა ხარ. ყველა რელიგიურ თემს აქვს თავისი ფასეულობათა სისტემა. ჩვენთვისაც, როგორც სხვა რელიგიებისათვის არის მოვლენები, რომლებიც ცოდვად და ამორალურობად მიგვაჩნია და არის მოვლენები, რომლებიც სიკეთედ და მადლად ითვლება ეზიდურ სწავლებაში. უდიდესი უზნეობა, ამორალობა და ცოდვა ჩვენი სწავლებისათვის არის გარიყულის კიდევ უფრო გარიყვა, სუსტის დაჩაგვრა და დაუცველზე ძალადობა. ჩვენმა სასულიერო საბჭომ  გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შევეცადეთ ეზიდური თეოლოგიის შუქზე გვეჩვენებინა, თუ რას ნიშნავს ჩვენი რელიგიისათვის სექსუალური ორიენტაცია. სამწუხაროდ, ჩვენ შეცდომა დავუშვით, რადგანაც არ გავითვალისწინეთ, რომ ძალადობის მუქარისა და კარს მომდგარი დაპირისპირების საფრთხის წინაშე ჩვენი განცხადება სწორედ ძალადობის ლეგიტიმაციისათვის შეიძლება იყოს გამოყენებული, რაც ასეც მოხდა. ძალიან მალე, ადამიანებმა სასწრაფოდ გადააზიარეს ჩვენი განცხადება და თავისებური ინტერპრეტაცია მისცეს მის შინაარსს. ჩვენ, ეზიდთა სასულიერო საბჭო და ეზიდთა რელიგიური თემი ვთვლით, რომ მიუხედავად ჩვენი თელოგიური, თუ დოგმატური დამოკიდებულებებისა სექსუალური ორიენტაციის მიმართ, ჩვენთვის უმთავრესი ფასეულობა არის არა ძალადობა. ჩვენ ვთვლით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მიდგომებისა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება მშვიდობიანად გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლება.

თავდაპირველად, საბჭო აცხადებდა, რომ პრაიდი მათ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და შეუთავსებელია მათ მორალთან.

ჰომოფობიური განცხადება გააკეთა მუსლიმთა სამმართველომაც, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. მოგვიანებით, განცხადება სოლიდარობის თემის მოთხოვნით წაიშალა, თუმცა  ხელახლა გამოაქვეყნა და წაშლა ხარვეზით ახსნა.

სოლიდარობის თემმა, მკაცრად დაგმო განცხადების შინაარსი, მათი პოზიციით, მიუღებელია, მუსლიმი თემის სახელით მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს.  

ასეთივე განცხადება გაავრცელა თბილისის დიდმა სინაგოგამ და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება. თბილისის დიდი სინაგოგა ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს, "ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებს საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული".

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები