ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.
მისი თქმით, "სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები".
"ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას. ეს არის იოსებ სიგუას პატივისა და ღირსების შემლახავი და არ შეიძლება მსგავსი სახის ინფორმაციების საჯარო სივრცეში გადამოწმების გარეშე გაჟღერება, რასაც ითვალისწინებს კიდევაც კანონმდებლობა. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას.
გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები" - განაცხადა. თეონა გვაზავამ ინტერპრესნიუსის ცნობით.
გვაზავას თქმით, სოფიო სიგუას მიზანია "მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება". როგორც ადოკატი ამბობს, დაადასტურებენ "ბრალდების აბსურდულობას".
ცნობისთვის, სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
- რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
- "აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს
პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. იქამდე, სიგუა თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
ნოდარ მელაძის შაბათთან ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი, სოფია სიგუა-შატბერავა ძალადობასა და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ყოველთვის მემუქრებოდა - "იქნება გაუხსნელი მკვლელობა, ეგ ხომ იცი, ჩემზე უკეთ არავის გამოსდისო", მცდელობაც ჰქონდა, აივნის მოაჯირზე დამსვა და მაგდებდა, კადრები მქონდა, თუმცა თვითონ წამიშალა. რაკი დღის შუქი იყო და ბევრი მეზობელი იყო, მიხვდა, რომ არასარფიანი დრო შეარჩია. მეუბნება - "წაგიყვან, კასრში ჩაგდებ და დაგმარხავ, უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადებ" - ამბობს ქალი.
TV პირველის მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იოსებ სიგუას 2026 წლის თებერვალში შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. სოფიო შატბერავა-სიგუას თქმით, ჩატარდა სასამართლო სხდომაც. ქალი ამბობს, რომ მის მეგობარ ადვოკატს შს მინისტრის მოადგილემ, რონი მესხმა დაურეკა და უთხრა, რომ საქმისთვის ხელი "არავითარ შემთხვევაში" არ უნდა მოეკიდა.
თავად რონი მესხი TV პირველთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ "ოჯახური კონფლიქტი აქვს ორივეს".
იოსებ სიგუას მიერ ცოლზე ძალადობის შესახებ საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაია გუშინ საღამოს წერდა. მისი თქმით, სიგუას ელექტრონული სამაჯური უკვე შეაბეს, თუმცა, თავდაპირველად, შსს-ს მაღალჩინოსანს პოლიცია "ვერ პოულობდა".
იოსებ სიგუას საზოგადოება ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმიდანაც იცნობს - თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლაზე რამდენჯერმე თქვა უარი.




