პრაიდის კვირეული

მუსლიმთა სამმართველომ ჰომოფობიური განცხადება წაშალა, სოლიდარობის თემის მოთხოვნით

სოლიდარობის თემის მოთხოვნით, მუსლიმთა სამმართველომ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფიბიური განცხადება წაშალა. სოლიდარობის თემი აღნიშნავს, რომ მათ მიერ მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და მათი პოზიციით, მიუღებელია, მუსლიმი თემის სახელით მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს. 

"რადგანაც სოლიდარობის თემისთვის მიუღებელია ადამიანების რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, დავუკავშირდით "სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს", საკითხის გარკვევის მიზნით. ჩვენი მხრიდან, მკაცრად იქნა დაგმობილი განცხადების შინაარსი და დაფიქსირდა პოზიცია, რომ მიუღებელია მუსლიმი თემის სახელით მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს.

სოლიდარობის თემთან კონსულტაციის შემდგომ, სამუფთო გაემიჯნა აღნიშნულ განცხადებას, რის გამოც იგი ოფიციალური გვერდიდან წაიშალა. მიგვაჩნია, რომ ლგბტქ+ "პრაიდის" საკითხი არ ეხება მხოლოდ ერთ თემს, დღეს "პრაიდის" ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულფასოვნად ჩატარება გადამწყვეტია სამოქალაქო მშვიდობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისთვის". – ნათქვამია სოლიდარობის თემის განცხადებაში. 

საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფობიური განცხადება გავრცელა და პრაიდის კვირეულს გამოეხმაურა.

მსგავსი განცხადება გაავრცელა თბილისის დიდმა სინაგოგამ და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება. თბილისის დიდი სინაგოგა ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს, "ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებს საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული".

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები