პრაიდის კვირეული

ვასაძე პრაიდზე: გავიდა მთავრობისთვის გასაუქმებლად მიცემული 10-დღიანი ვადა – ჩვენ არ დავუშვებთ

ლევან ვასაძე

პუტინისტი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად ხელისუფლებისთვის მიცემული 10-დღიანი ვადის გასვლაზე საუბრობს. ვასაძის თქმით, რადგან მთავრობას ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, მის ჩატარებას ისინი არ დაუშვებენ. ვასაძე ნებისმიერ მოსალოდნელ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"გუშინ გავიდა 10-დღიანი ვადა, რომელიც ჩვენ შევუთვალეთ ხელისუფლებას ე.წ. პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით და რადგანაც მთავრობამ არ გააკეთა განცხადება, რომ აუქმებს ამ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს ყველას მოგიწოდებთ და გეპატიჟებით, მოვიდეთ მანდ. 

[...] ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ჩვენი ხელისუფლებისა და მე იმედს ვიტოვებ, რომ მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას". – თქვა ვასაძემ. 

ლევან ვასაძემ ხელისუფლებისგან პრაიდის კვირეულის გაუქმება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძე კონტრაქციით იმუქრება. ვასაძე ამბობს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხეს უქმნის. მან 15 ივნისს ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა.

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

კომენტარები