პრაიდის კვირეული

სოლიდარობის თემი სამუფთოზე: გავხდით მომსწრე, როგორ ზღუდავს სახელმწიფო მუსლიმთა ავტონომიას

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ ჰომოფობიური განცხადების კვლავ გამოქვეყნების შემდეგ სოლიდარობის თემმა განცხადება გაავრცელა. მათი ცნობით, სამუფთოში დაუდასტურეს, რომ განცხადება სოლიდარობის თემის პროტესტის გამო წაიშალა. ეს მოვლენები კი სახელმწიფოს მიერ მუსლიმთა თემის ავტონომიის შეზღუდვის გამოხატულებაა. 

"მიუხედავად იმისა, რომ სამუფთომ ჰომოფობიური განცხადება, "სოლიდარობის თემის" პროტესტის შედეგად წაშალა (რაც დაგვიდასტურა სამუფთოს წარმომადგენელმა, ოქტაი ისაევმა), აღნიშნული განცხადება კვლავ დაიდო ვებგვერდზე. სამუფთოს განმარტებით, განცხადება მკითხველისთვის მიუწვდომელი იყო, ტექნიკური ხარვეზის გამო.

ჩვენ დღეს გავხდით მომსწრე იმისა, თუ როგორ ზღუდავს სახელმწიფო მუსლიმი თემის ავტონომიას და რა გზებით აკონტროლებს მუსლიმთა სამმართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო". – ნათქვამია განცხადებაში.

მუსლიმთა სამმართველომ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ჰომოფობიური განცხადება სოლიდარობის თემის მოთხოვნით წაშალა, თუმცა ახლა ხელახლა გამოაქვეყნა და წაშლა ხარვეზით ახსნა.

სოლიდარობის თემმა, მკაცრად დაგმო განცხადების შინაარსი, მათი პოზიციით, მიუღებელია, მუსლიმი თემის სახელით მსგავსი, ძალადობის წამახალისებელი განცხადება კეთდებოდეს.  

ასეთივე განცხადება გაავრცელა თბილისის დიდმა სინაგოგამ და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება. თბილისის დიდი სინაგოგა ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და სთხოვს, "ამ ღონისძიების მხარდაჭერით ნუ გაუცრუებს საქართველოს მოსახლეობას იმ დიდ იმედს, რაც საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან არის დაკავშირებული".

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს, ქაშვეთთან პრაიდის კონტრაქცია იგეგმება, ამის შესახებ საპატრიარქოს ახალ განცხადებაში წერია. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვები გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები