პრაიდის კვირეული

ზურაბიშვილი: მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას

ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ აზრის გამოხატვის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის მე-17 მუხლი და შეკრების თავისუფლება, 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციის. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცველებთან, ადგილიც და პირობებიც, და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება. რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს. აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით და არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ. ამდენად რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, იმ თანამდებობის პირების მიერ რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც გვარწმუნებენ რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა მეორეს აკეთებს. რეალურად ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არ დაგმობით მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე. მე მინდა დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ აღკვეთოს, და აღკვეთოს რეალურად, ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართალის დაცვა. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად არის გაკონტროლებული

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

კომენტარები