პრაიდის კვირეული

საპატრიარქო საელჩოებს: გთხოვთ, თავი შეიკავეთ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან

საქართველოს საპატრიარქო 1-5 ივლისს დაგეგმილ თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, მხარდაჭერა არ გამოუცხადონ Tbilisi Pride-ს, რომელიც კვირეულის გარდა, 5 ივლისს ღირსების მარშს აორგანიზებს. 

"1.   დაგეგმილი "პრაიდის" ორგანიზატორების   მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საფარქვეშ ხდება არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა; იგი შეიცავს პროვოცირების ნიშნებს და კონფლიქტში შედის საზოგადოებაში აღიარებულ ზნეობრივ ნორმებთან და მიზნად ისახავს მძიმე ცოდვის ლეგალიზებას;

2.   ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, რაც, ბუნებრივია, გულისხმობს არჩევანის თავისუფლებას. აღნიშნული მცირე ჯგუფის მიერ საკუთარი  არჩევანის სხვებზე თავს მოხვევა  ძალადობაა და ეთნიკური წარმომავლობისა და, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად, ლახავს სხვის, - ჩვენი  საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, - უფლებას, თავისუფლებასა და არჩევანს;

3.     მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, ამიტომაც ვინმეს მიმართ გამოვლენილი სიძულვილი და ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ, ასევე, მიუღებელია ცოდვით თავმოწონება და სხვებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა;

4.    ლგბტქ+  „პრაიდის“ ორგანიზატორები  აანონსებენ ე.წ. "ღირსების მარშს", რომელსაც ღირსებასთან რეალურად  კავშირი არა აქვს. ამით ხდება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების აღრევა და შინაარსობრივი, მიზანმიმართული გამრუდება, რაც მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს არასრულწლოვანთა ფსიქიკაზე და ლახავს ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს;

5. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი აქტივობებით ლგბტქ+ ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში  კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას;

6.  ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლობა და ობიექტური რეალობის უგულებელყოფა იწვევს დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას.

აუცილებელია,  ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების  წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი. 

ამ და სხვა გარემოებათა გამო  მივმართავთ   ევროპარლამენტის ლგბტქ+  საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და  საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ "თბილისი პრაიდის" მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, -  გარდაუვალი შფოთი". – წერს საპატრიარქო. 


Tbilisi Pride-ის ორგანიზებით პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით 28 ივნისს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაიცვან ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება. 

კომენტარები