პრაიდის კვირეული

თბილისის სინაგოგა პრაიდის კვირეულზე: LGBT პროპაგანდა დაუშვებელია, ნუ აყვებით პროვოკაციებს

"ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია" - საპატრიარქოს და მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის დიდი სინაგოგაც ავრცელებს. ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ "ე.წ ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს". მართლმადიდებელმა ეკლესიამ "საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება" მოითხოვა და შესაბამისი მიმართვა მეტეხის ეზოდან, სხვა რელიგიების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად გააკეთა, რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებს.

"საქართველოს ებრაელები სრულიად ვიზიარებთ საქართველოს საპატრიარქოს შეშფოთებას მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებულ ლგბტ კვირეულის გამართვასთან დაკავშირებით.

ჩვენც მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია მათი გაუკუღმართებული ქმედებების პროპაგანდა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რადგან უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდების ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ცნობიერებაზე და ამ ქმედებებს ძალადობის გარდა სხვა შეფასებას ვერ მიუსადაგებ.

საქართველოს და მის მოსახლეობას თავისი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური კონფესიებს შორის სამაგალითო ისტორიული წარსულის გამო ვერავინ ვერ დასწამებს ცილს უმცირესობების ჩაგვრაში და არატოლერანტობაში. მაგრამ მიგვაჩნია, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის სტაბილური და მშვიდი განვითარების საქმეში ყველას ერთად, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობებსაც ეკისრებათ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი საერთო სამშობლოს ბედი, თავი შევიკავოთ პროვოკაციული ქმედებებისგან.

მოგიწოდებთ ქვეყნის მოქალაქეებს - ნუ აყვებით წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებს და მოარიდეთ მათ ახალგაზრდები" - ნათქვამია თბილისის დიდი სინაგოგის განცხადებაში.

 

კომენტარები