ნიკა მელიას დაკავება

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავებას

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში 23 თებერვლის დილით შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრას და მელიას დაკავებას საქართველოს პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნიდან შეფასებები მოჰყვა:

აშშ-ს საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

23 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყოველდღიური საინფორმაციო ბრიფინგი სწორედ საქართველოს თემით დაიწყო.

მოგვიანებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მელიას დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადება გაავრცელა

"შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით. 

მაპოლარიზებელი რიტორიკა, ძალა და აგრესია საქართველოს პოლიტიკური განსხვავებების გადაჭრის გზა არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აირიდონ ისეთი ქმედებები, რომელმაც, შესაძლოა, გაამწვავოს დაძაბულობა და კეთილსინდისიერად მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი. 

შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და აყვავებულ დემოკრატიას"

ჟურნალისტის კითხვაზე უქმნის თუ არა საფრთხეს ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს მისწრაფებას ნატოსკენ უპასუხა:

"რაც ბოლო დღეებში ვნახეთ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებთან. ამის მიღმა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ვიტყვი იმას, რომ ახლოდან დავაკვირდებით მოვლენებს მომდევნო საათებსა და დღეებში. საიდუმლო არაა რა გვსურს, რომ მოხდეს და ვნახავთ, ასე იქნება თუ არა".

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით. მოვუწოდებთ ორივე მხარეს თავიდან აიცილონ ვითარების გამწვავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას".

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა, კომიტეტის წევრმა მაიკლ მაკკოლიმ და საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეებმა ჯერი კონოლიმ და კინზინგერმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

"როგორც საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც დიდი ხანია მხარს ვუჭერდით საქართველოს ერთგულებას დემოკრატიის მიმართ, მოვლენები, რომლებიც გასულ ღამეს თბილისში წარიმართა, გულდასაწყვეტი სანახაობა იყო. ქართველი ხალხის მრავალწლიან დაუღალავ შრომას ძლიერი და განვითრებული დემოკრატიის შესაქმნელად, დიდი საფრთხე ექმნება ზღვარგადასული ძალადობისა და არადემოკრატიული ქცევების გამო. პოლიტიკური ქაოსის მშვიდობიანად გადასაწყვეტად, მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას ვითარება განმუხტოს და იმუშაოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად. ვშიშობთ, რომ უმცირესობის პარტიებთან სამუშაო პროცესის ჩაშლა, ხელს შეუშლის საქართველოს პროგრესს NATO-სთან და ევროკავშირთან მიმართებით"

სენატორი როჯერ უიკერი ტვიტერში საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წუხილი იყო გამოთქმული ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტის გამო:

"შეწუხებული ვარ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას უსამართლოდ დაჭერის გამო. ქვეყნის ლიდერებმა ყურად უნდა იღონ საერთაშორისო მოწოდებები, მოახდინონ მავნებელი რიტორიკის დეესკალაცია და დაასრულონ ეს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკური კრიზისი. დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა უნდა გაიმარჯვოს."

„ჰელსინკის კომისიის“ ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე განცხადებას ავრცელებენ:

"როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის  მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართ  ერთგულება აქვს გაცხადებული.

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად."

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას".

ევროპარლამენტარებმა პეტრას აუსტერვიჩუსმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, ვიტოლდ იან ვაშჩიკოვსკიმ, ხავიერ ნარტმა და ვიოლა ფონ კარმონმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართეს.

"ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როცა ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ბალანსი შესაძლებლობის ზღვარზე დომინანტურ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობას. გარდა ამისა, პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.

დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი საქართველო პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რათა ეძიონ პარტიებს შორის დიალოგის დაუყოვნებლივი განახლების გზები, რომელიც უნდა დასრულდეს ურთიერთგაგების კონკრეტული მემორანდუმით, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნაზე საქართველოში. ვნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა ხელახლა ჩაერთვება პარტიათა შორის დიალოგში, აისახება მათ განზრახვაზე, რომ ნამდვილობა მიანიჭონ საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში."

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდრეს ფოგ რასმუსენი:

"რაც ახლა საქართველოში ხდება, ძალიან შემაშფოთებელია. პირველი, ვინც [ამით] აგებს, ქართველი ხალხია. მე თავშეკავების და იმის რომ საქართველომ უკან არ დაიხიოს, დაჟინებული მოწოდებით გამოვდივარ. ჩვენ ვდგავართ მათთან, ვინც კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს".

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს Twitter-ზე გამოეხმაურა:

"საქართველოს მთავრობის მხრიდან გადაჭარბებული ქმედება არის შანსი გაერთიანებული ოპოზიციისთვის მკაფიოდ გააგებინოს მას პასუხისმგებელია და მზად არის რთული პოლიტიკური სამუშაოს ჩაატაროს და აიძულოს მთავრობა დაბრუნდეს დემოკრატიისკენ. ამგვარი ძალისხმევა საჭიროებს და იმსახურებს აშშ-ს და ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას."

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება სამხრეთ კავკასიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი:

"საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან ვაკვირდებით. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ღრმად შემაშფოთებელია. NATO ელოდება საქართველოსგან, როგორც ახლო პარტნიორისა და ასპირანტისგან, ევრო-ატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტების განვითარებას, ეს მოიცავს პოლიტიკური განსხვავებების დიალოგის გზით გადაჭრას და მაპოლარიზებელი რიტორიკისა და ქმედებებისგან თავის არიდებას."

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა:

"ესტონეთი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიის ოფისზე ძალადობრივ შტურმს და საქართველოში, თბილისში პოლიტიკური ვითარების გამწვავებას. მე მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ, პოლიტიკურ დიალოგთან დაბრუნებისკენ. სწორი გადაწყვეტილებების მიღება მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია!"

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე წერს:

"ნავალნის დაკავება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე. ახლა საქართველოა მესამე. ბაიდენმა სიტყვიერად დაიფიცა, რომ მეტს გააკეთებდა დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების გასაუმჯობესებლად. ახლა დროა, ქმედება სიტყვებს შეუსატყვისოს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე იქ მასთან ერთად ვიმოგზაურე 2009-ში. მას შეუძლია, იქ გავლენა იქონიოს"

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ნიკა მელიას დაკავებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრ მიაღწიეს: ლიდერები არიან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, NATO-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. უპასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფრის წყალში გადაყრა. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედოს".

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება:

"საქართველოში ძალიან სერიოზული ვითარებაა. მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობა. ამის მაგივრად, ის აღმაშფოთებლად შტურმით შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში და დააკავა მისი ლიდერი. ეს ქმედება შეუფერებელია. [ამით] მხოლოდ პუტინი იგებს. სიმშვიდე აუცილებელია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს!"

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას:

"უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში, ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში პოლიცია შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვა უნდა იყოს პირობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტეგრაციის". 

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი წერს:

"უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის. ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს არის ხალხი კრემლში, ბატონი ბიძინა და მისი ხელის შემწყობების უახლოესი წრე. ქართველებისთვის კარგი ამაში არაფერია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერი იქნება ამაში. კრემლს იყურება".

მელიას დაკავებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსიც:

"გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამას ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს. ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად ადვილად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა..."

კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმაც:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შტურმის მიტანა, ეს დაძაბული ვითარება ძალიან ცუდ მოგონებებს მახსენებს. ყოველივე ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი ვერ იქნება, აქ რაღაც ფუნდამენტურად არასწორადაა და ეს არა ხალხს, არამედ პოლიტიკას ეხება. პოლიტიკა საქართველოში კუთხეშია მიმწყვდეული და ეს ძალიან სარისკოა. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს პროცესები დასასრულთან ახლოსაა. პოლიტიკურ ოპოზიციასთან ამ ფორმით ბრძოლა ევროპული გზა არ არის. ბუნებრივია, ამ ყველაფერს საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობის პერსპექტივაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკოსებმა. პოლიტიკოსებს ვერ ეყოლებათ ქვეყანა როგორც ტყვე, დემოკრატიული წესები არსებობს, რომელსაც უნდა მიჰყვე. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პრინციპებს არ მიჰყვებიან და დიალოგისკენ არ მიისწრაფვიან სხვა მარალი პოლიტიკური სტანდარტებისგან განსხვავებული გზისკენ უნდა მივუთითოთ. საქართველო უკეთეს პოლიტიკოსებს იმსახურებს. იოლი არ იქნება ამ ვითარებიდან გამოსვლა, მაგრამ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ამჟამინდელი სიტუაცია არც საქართველოსთვის და არც ჩვენი პარტნიორობისთვის სახარბიელო არ არის. ეს ყველაფერი ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის პროცესში უამრავ ეჭვს წარმოშობს..."

Twitter-ზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ:

"მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ"

ასევე ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ:

"ძალიან გულდასაწყვეტია საქართველოში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიაში მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა".

განცხადება გაავრცელა ევროპის სახალხო პარტიამაც:

"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, სასწრაფოდ არის საჭირო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ახალი, დემოკრატიული არჩევნები, შესაძლოა, იყოს გამოსავალი."

მელიას დაკავებას გამოეხმაურა ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი:

"ღრმად შეშფოთებული [ვარ] საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისებზე შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ. საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია"

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი Twitter-ზე წერს:

"ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს თბილისში, საქართველოში. მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში".

ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიტვის ელჩი ანდრიუს კალინდრა და ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.

"დამწუხრებული ვარ იმის ხილვით, თუ რა ხდება თბილისში ამ დილით. ძალადობა პოლიტიკური უთანხმოების მოგვარების გზა არ არის. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქართველ მეგობრებს შეეძლებათ, უფრო ღრმა კრიზისში ჩაძირვას თავი აარიდონ. თავშეკავებამ და დემოკრატიის ერთგულებამ უნდა აჯობოს". – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

 

"დღის სამწუხარო დასაწყისია თბილისში, ოპოზიციური პარტიის ოფისში განვითარებული მოვლენების ხილვა. საქართველოს მომავლის გულისთვის, ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ძალადობამ და ესკალაციამ არ შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგები".  – წერს ანდრიუს კალინდა.

 

გავიღვიძოთ! ვრეკოთ ზარები! დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა! გაზისა და ძალადობის გამოყენება პუტინივით. ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს". – წერს პავილიონისი Twitter-ზე

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ენმ-ის სათავო ოფისში სამართალდამცველების შეჭრაზე და მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერიც გამოეხმაურა:

"ძალიან სამწუხაროა საქართველოში განვითარებული მოვლენები, ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი. იმედი მაქვს, ცივი გონება გაიმარჯვებს და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია".

რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"მე პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე, როგორც სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ხელახლა წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არ არის ავტომატური". – აღნიშნავს კინზინგერი.

 

"ეს ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია საქართველოს მთავრობისგან. ამ დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, შეეშვას ამ დრამატულ ქმედებებს. ჩვენ თვალს ვადევნებთ". - წერს სენატორი Twitter-ზე.

მელიას დაკავებამდე ენმ-ის ოფისში სამართალდამცველების შეჭრას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა:

"მე დაჟინებით მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში, დაიწყონ მოლაპარაკებები და იფიქრონ ქვეყნის მომავალზე". 

ერთიანი ნაციონალური ოფისის შენობასთან სამართალდამცველების მობილიზებას ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელიც გამოეხმაურა:

"ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოში". – წერს კელი.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.

ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას

გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

ევროკავშირი მზად არის, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში". – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია განახლებადია

კომენტარები