ნიკა მელიას დაკავება

კინზინგერი: ახლახან წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი, ეს ავტომატური არ არის

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

რესპუბლიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

"მე პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ დარბევას. მე როგორც სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ახლახან ხელახლა წარვადგინეთ საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არ არის ავტომატური" - წერს ის. 


შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი აქტი დაარეგისტრირეს. კანონპროექტში სათაურით "საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და სხვა მიზნებისათვის" საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის და ევროატლანტიკური ინტერგრაციის მხარდაჭერაზე.

კანონპროექტში დაგმობილია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცება, დაკავება და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები; ასევე ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობა. კანონპროექტში ამერიკელი კონგრესმენები რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ და პარტნიორ ქვეყანას აშშ-ს საგარეო დახმარების ქვე-პუნქტით, რომელიც სამხედრო წვრთნას შეეხება, გამოყოფილი დახმარება უნდა გაეზარდოს.

აქტში ასევე ნათქვამია, რომ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს უნდა წარუდგინონ ანგარიში 2008 წლიდან დღემდე საქართველოსათვის უსაფრთხოების სფეროში გამოყოფილი დახმარების შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე მდგარი საფრთხეების და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეფასებას.

კანონპროექტის მიხედვით აშშ-მ უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მათ შორის დაეხმაროს საქართველოს სამთავრობო კომპიუტერული ქსელების უსაფრთხოების გაზრდაში, რუსეთის ინფორმაციასა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების შემცირებაში და საერთაშორის კიბერუსაფრთხოების ქსელში ჩართვაში. აქტი სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობაზე ანგარიშის მომზადებასაც ავალდებულებს.

ამავე კანონპროექტის მიხედვით, აშშ-მ უნდა გააძლიეროს საქართველოს დახმარება რუსულ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში, რომლის მიზანიც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირის გამოთხრაა. ამავდროულად აშშ-მ მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალ მედიას. სახელმწიფო მდვინის ანგარიში უნდა მოიცავდეს რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანიის შეფასებას ყველა მედიაპლატფორმაზე, რომლის სამიზნესაც საქართველო წარმოადგენს, ასევე, საქართველოს შესაძლებლობების შეფასებას მსგავსი რუსული ძალისხმევის წინააღმდეგ და მედიის თავისუფლების შეფასებას. სახელმწიფო მდივანმა უნდა წარმოადგინოს სტრატეგია, რომელშიც გაწერილი იქნება, როგორ შეძლებს აშშ საქართველოს დახმარებას რუსეთის დეზინფორმაციის და პროპაგანდის კამპანიასთან.

აქტში ლაპარაკია აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზეც. მასში ნათქვამია, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა უნდა გადადგას ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიმართულებით.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს იმ პირებისათვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

კომენტარები