სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის მიერ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
ორგანიზაციის შეფასებით, "ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს რეპრესიული მექანიზმების სრულმასშტაბიანი გამოყენება ოპოზიციური პარტიების დევნისთვის".
"გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამავე მოსამართლემ, შეუფარდა ერთი კვირის წინ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა. ირაკლი შვანგირაძე გასული წლის დეკემბერში, უწყვეტი პროტესტის ყველაზე კრიტიკულ ფაზაში, გამწესდა მოსამართლედ და რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე არაერთი რეპრესიული გადაწყვეტილება მიიღო.
პატიმრობის შეფარდებას წინ უსწრებდა ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავება. გუშინ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას/მის შეურაცხყოფას გულისხმობს. დაკავების გარემოებები ნათლად აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რომ საპატრულო პოლიციის მხრიდან დაკავება სრულად უსაფუძვლოდ განხორციელდა, არამედ იმასაც, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული სპეცოპერაცია იყო.
ის ფაქტი, რომ ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია წინასწარ იყო მობილიზებული და ის ამოცნობის შემდეგ, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, მომენტალურად დააკავეს, ცალსახად ადასტურებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მისი დაკავება თვითმიზანი იყო და არა კანონდარღვევაზე რეაგირების მექანიზმი.
ირაკლი შვანგირაძის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გამოაშკარავა, რომ ქართული ოცნება სამართლებრივ მექანიზმებს და საჯარო ინსტიტუტებს ოპოზიციისა და ზოგადად, კრიტიკულად განწყობილი პირების დაშინებისა და დევნისთვის იყენებს". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობა დღეს, 30 მაისს, შეუფარდა.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა. მელიამ სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალები გაიხსენა.





