ნიკა მელიას დაკავება

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. 

საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა, პროცესი 12 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ მელიასთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. 

დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიამ მისი დაკავების დეტალები გაიხსენა. 

გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც მელია დარბაზიდაან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტამდე მოსამართლეს მელიამ მიმართა: - "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა".

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.

კომენტარები