თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ქმედებები "არაადეკვატურია". თბილისის მერიის პრესრელიზის თანახმად, ასე გამოეხმაურა კალაძე ფაქტს, როდესაც სასამართლო სხდომაზე მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა.
"არ მინდა დაკავებულ ადამიანზე საუბარი, თუმცა მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური, ისიც წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. როდესაც გიბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი.
შესაბამისად, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, განხორციელდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
[...]
მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ ტიპის ქმედებები - მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ტაშს უკრავდე - ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს საზოგადოებაში, რადგან ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა" - თქვა კალაძემ თბილისის მერიის ცნობით.
ცნობისთვის, 30 მაისს, სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის შემდეგაც მელია დარბაზიდაან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტამდე მოსამართლეს მელიამ მიმართა: - "თქვენ ხართ თანამონაწილე, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთი რგოლი ხართ, რომელსაც კითხვაც კი არ უჩნდება აქ როგორ აღმოვჩნდი, ვინ გამიტაცა და რატომ გამიტაცა".
1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმისთვის, მელიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.
366-ე მუხლის დარღევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ანდა ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა.





